პარლამენტთან აქცია გრძელდება-ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსა და ცესკოს ახალ შემადგენლობას ითხოვს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებს ოპოზიციის წევრები შეუერთდნენ.

ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს და ცესკოს ახალ შემადგენლობას ითხოვს.

“თათბირზე, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია, შეთანხმება შეთანხმებაა.

მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავება გვერდზე გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ცესკოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ.

მინდა, ე.წ ქართულ ოცნებას ვუთხრა, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით – გაგხევთ ნაკერავზე ”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება.

სახალხო დამცველის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით არ ჩატარდეს.

„სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად არის დარჩენილი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების, უფლება მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და უფლება მათი პოლიტიკური ნება ადეკვატურად და პროპორციულად აისახოს არჩევნების შედეგებში! ამ უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის საშუალებას ჩვენ მოქალაქეებს სწორედ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ართმევს!“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.