პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სლოგანით – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს.

პარლამენტთან საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და არჩევენების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

აქციას „ყველა ერთის წინააღმდეგ” სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი პარლამენტის წინ ხმაურით მივიდნენ. სტუდენტებმა მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყეს და პარლამენტის შენობასთან დაასრულეს.

სტუდენტები სკანდირებდნენ: “ბიძინა დაითვალე აბა რამდენი ვართ”, “დაგვიბრუნეთ, მოპარული პროპორციული არჩევნები”, “დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს”, “ბიძინა, წადი, წადი”. აქტივისტებს ბანერები ჰქონდათ გაშლილი – “ბიძინა მოსამართლეების მასტერი”, “გადაგვაგდე?! გადაგაგდებთ”, “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!”, “სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ”.

სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსში, 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებული მეგობრების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა პარლამენტის წინ, აქციაზე საკანი მიიტანეს. საკანში ჯაჭვით ბიძინა ივანიშვილის ფოტო არის დამაგრებული. მათი თქმით, საკანს პარლამენტის წინ დატოვებენ.

 

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც იმყოფებიან.