“პირი თავს დაესხა მოლარე-ოპერატორებს და 1000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა გასტაცა”

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს, ქ.თბილისში, ქურდობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებისთვის ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავს დაესხა სანზონაში არსებულ ერთ-ერთი მარკეტის მოლარე-ოპერატორებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა მათ 588 ლარი და 523 ლარის ღირებულების პროდუქცია.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ვ.მ. მიმალვის მცდელობისას დააკავეს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის) და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და ტარება, ჩადენილი არაერთგზის) წარუდგინა.

პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.