“რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”-ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებაზე

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “Entrepreneur Georgia-სთან” ინტერვიუში განაცხადა,რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება.

კითხვაზე, სად გადის მისთვის ზღვარი ბიზნესსა და ქველმოქმედებას შორის, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით, მისი ხედვა შოთა რუსთაველის “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიას” ფილოსოფიას ეფუძნება.

“რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა.

ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა ამ მიმართულებით.

თუმცა, ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.