როგორია კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი იმყოფება. “ტვ4-ის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა, მას პოლიტრავმა აქვს და ამ წუთებში ოპერაცია ბარძაყის მოტეხილობაზე უკეთდება. ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება.

რაც შეეხება ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს, როგორც “აზოტის” საავადმყოფოში გვიცხადებენ, ბავშვის თბილისში გადაყვანა იგეგმება. კონკრეტულად რომელ საავადმყოფოში მოათავსებენ, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთის გზატკეცილზე, ერთმანეთს ორი  მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, ერთ-ერთი ბავშვი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.