რუსთავის კორპუსის ხელმძღვანელმა მიმდინარე და შესრულებული პროექტები შეაფასა

რუსთავის კორპუსის ხელმძღვანელმა ტვ4-თან მიმდინარე და შესრულებული პროექტები შეაფასა.
ზვიად ლაბაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული “ინიციატივების პროგრამა”-ში. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის შერჩევით, სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრა ხდება.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის ამხანაგობის წევრებს შემსრულებელი კომპანიის მოძიება თავად შეუძლიათ. მოსახლეობის ინიციატივების დასაფინანსებლად 917 ათას 354 ლარია გათვალისწინებული, რომლის ათვისება ეტაპობრივად ხდება.
ზვიად ლაბაძე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლების გადახურვისთვის 196 ათასი ლარია გათვალისწინებული, აღნიშნული თანხით სამუშაოების წარმოება მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად ხდება.
რუსთავის კორპუსის ინფორმაციით დაახლოებით 60 მისამართზე სახურავის გადახურვა უკვე დასრულებულია. ასევე საცხოვრებელ კორპუსებში სადარბაზოების მოწესრიგების სამუშაოები დაფინანსდა და ქალაქის მასშტაბით 55 მისამართზე საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა.
ზვიად ლაბაძის თქმით რუსთავის 31 ეზოში საბავშვო მოედნების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.