პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია ახალი ძალებით განახლდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველა პოლიტიკური ძალა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაერთიანდეს.
აქტივისტების განცხადებით, მაჟორიტარების გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი იყო, რისი საბოლოო მიზანიც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება იყო.
აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, კანონპროექტის ჩავარდნა იყო “ბოლო წვეთი”, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა კი მათი პირველი ნაბიჯია და, შესაძლოა, აქციის მონაწილეებმა გზები სხვაგანაც გადაკეტონ.
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. პარლამენტთან აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი.
მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.
” შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
“ქართული ოცნების” უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.