საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება. მთავრობამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის ინიცირება 18 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის თანახმად,იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება , საკუთრების უფლების რეგისტრაცია  მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით იქნება შესაძლებელი . კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ მუნიციპალიტეტის ცნობით უნდა დასტურდებოდეს, რომ მიწის ნაკვეთი  საკარმიდამო, ან საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად არის გაცემული. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი ბარში  1.25 ჰა-ს , ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს არ უნდა აღემატებოდეს.