მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.
კერძოდ, საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ინტერ-ტრანს“-ს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მარტამდე გაუგრძელდა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს პროექტს, რომელიც XX და XI მიკრორაიონების გამყოფ გზაზე, ჩერკასკის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ასევე, დეპუტატებმა, ქალაქის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ N226 დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. საკითხი სხდომაზე, მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო -ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა წარადგინა. როგორც ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, ცვლილება დადგენილებაში , ქალაქის ტერიტორიაზე კონკრეტულ საცხოვრებელ და საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში, კერძოდ, ლომოურის, შარტავას ქუჩებზე და VIII მიკრორაიონში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსებისთვის, კოეფიციენტის მატებას ითვალისწინებს.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რუსთავში ზეთის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. სათათბირო ორგანოს დეპუტატებმა, დავით გარეჯის ქუჩაზე შპს „ეკო ოილისთვის“, რომელიც ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ მისასვლელი გზის სარგებლობის უფლების მიცემის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომაზე საკითხის წარმდგენის ეკა პაპუაშვილის განაცხადებით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობის სქემა შეთანხმებულია საპატრულო პოლიციასთან.