საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.უმრავლესობის სხდომის პარალელურად, ოფისის წინ მოძრაობა „სირცხვილია“ და ოპოზიციონერი დეპუტატები საპროტესტო აქციას მართავენ.

სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხის პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებია. სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე პარლამენტის ორი ვიცესპიკერის და სამი კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციებზე იმსჯელებენ და შესაბამის კანდიდატებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებიან ის დეპუტატები, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და თავისი თანამდებობები დატოვეს.