საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. ტერიტორიაზე გაშლილია კარვებიც.
როგორ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, დღეს არცერთ დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება არ მიეცემა .
ამასთან, დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.
აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა დეპუტატი რევაზ არველაძე, თუმცა ის ტერიტორიიდან სასტვენებითა და შეძახილებით გააცილეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლის საშუალება არც დეპუტატ მერაბ ქვარაიას მისცეს. რევაზ არველაძის მსგავსად, დემონსტრანტები მასაც დაუპირისპირდნენ.საკანონმდებლო ორგანოში ასევე არ შეუშვეს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.