საქართველოს რეგიონები ხანძრებმა მოიცვა

საქართველოს რეგიონები ხანძრებმა მოიცვა- ქვეყანაში ერთდროულად ,ხანძარი სხვადასხვა რეგიონებში მძვინვარებს. ხანძრის ცხრა კერას, მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ებრძვიან.

ამ დროისთვის ხანძარია მარტვილში, ონში, ხულოში, ამბროლაურში, მესტიაში, სოფელ ეცერში, სოხუმში, გულრიფშში და გაგრაში.

დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები,მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში. გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს 18 ნოემბერს, გვიან ღამით გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ორი დღეა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის 60-კაციანი ჯგუფი ამბროლაურისა და ონის ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვის.

ხანძარია ხულოში, სოფელ დიდ რიყეთში . ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის. სოფლის დეპუტატის, გოგი ბასილაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი სამ ლოკაციაზეა და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

ხანძარია ოკუპირებულ აფხაზეთშიც, რუსეთის და დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი ქმედებების მიუხედევად, ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერ ხანძარს ვერ აქრობენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულირიფშის და გაგრის რაიონებში. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ, როგორ მოიქცნენ ძლიერი დაკვამლიანების შემთხვევაში.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში რუსული ავიციაა ჩართული. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა და და “ბე-200“ ტიპის თვითმფრინავმა ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 651 ტონა წყალი უკვე გამოიყენა. მედიის ცნობით, ხანძარი რამდენიმე მიმართულებითაა გავრცელებული. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან დამატებით დახმარებას ელოდებიან.