საქართველოში უმუშევრობის დონე 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა.

უწყების ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით.

საქსტატში აცხადებენ, რომ 2019 წლის მესამე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ამასთან, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს.