ქრთამის აღების ფაქტებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე, ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.