ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება, ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.

საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის დირექტორი ლევან კარანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო.

ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს ავიაკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. შედეგად დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.