დეპუტატებს ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს

რამდენიმე დეპუტატს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.პარლამენტის შესასვლელთან აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები დგანან.

დეპუტატ თემურ ჭკუასელის მანქანას წინ დაუდგნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ელენე ხოშტარია და ლელა ქებურია. ადგილზე მივიდნენ გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა.

„ამ სამარცხვინო კლოუნებს ყველგან ექნებათ დისკომფორტი. შენობაში წყნარად და მშვიდად შესვლის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ. ყველგან უნდა იგრძნონ, როგორი სამარცხვინო კლოუნები არიან” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატის მანქანა აქციის მონაწილეებმა გააცილეს შეძახილებით – „მონებო“.

თემურ ჭკუასელის მანქანა ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

რაც შეეხება აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ,შს სამინისტროს განცხადებით, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ჰქონდათ გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანო, თუმცა მითითებულ ვადაში არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოთხოვნას, რის შემდეგაც 28 პირი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

“აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

 

ფოტო:1tv.ge