მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. აბაზოვის ინფორმაციით, ის ამ თანამდებობაზე პრეზიდიუმმა, რომელიც სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან შედგება, თავისი სურვილით აირჩია.
შეგახსენებთ,რომ თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დამდგარა. ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.
თავდაპირველად გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.
10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ აბაზოვმა სამსახურში განაცდურის სახით 32 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც მარნეულის მერიისგან უარი მიიღო.
წყარო:on.ge