,,მეტი გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე“-მერმა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ კონფერენციაში – ,,მეტი გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე“, მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში და საქართველოს მიერ, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს.

რუსთავის მერმა, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა. ირაკლი ტაბაღუამ ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას, რუსთავის გამოცდილება გაუზიარა. რუსთავი იმ ექვს მუნიციპალიტეტს შორისაა, რომელმაც გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავა.

 

,,რუსთავის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა 9 მიმართულებით, მათ შორისაა ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, დაგეგმარება და სერვისების განვითარება. სერვისების გასაუმჯობესებლად, ჩვენ სამი ძირითადი პრინციპი შევარჩიეთ და და ამოცანა დავისახეთ, რაც თავის მხრივ გულისხმობს მეტ გამჭვირვალობასა და ეფექტურობას. შესაბამისად, ჩვენ ამ სტრატეგიით, განვსაზღვრავთ მეტ გამჭვირვალობას, მეტ ჩართულობას, მეტ ახალ სერვისს, კომუნიკაციის ახალ საშუალებებსა და პრობლემური საკითხების გადაჭრის ეფექტურ გზებს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებას, სჭირდება სერვისები, რომლებზეც აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელება, სწორედ ამ ცვლილებების საფუძველზე იქნება შესაძლებელი სტრატეგიის სწორად განხორციელება და წარმართვა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

 

კონფერენციის მსვლელობისას გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიები რუსთავის მერთან ერთად წარადგინეს ბოლნისის, ახალციხის, დუშეთის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მონაწილეებს, სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა, თბილისის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ. მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა იმ მრავალმხრივი დახმარების ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უწევს საქართველოს ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

 

რუსთავის, ბოლნისის, დუშეთის, ახალციხის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში შემუშავებული ანტიკორუფციული სტრატეგიების მიღება 2019 წლის ბოლოს იგეგმება, შემდგომ კი ეს პრაქტიკა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში დაინერგება. დღევანდელი კონფერენცია, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისათვის  გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით.