ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ „ანტრეპრენერთან“ (Entrepreneur Georgia) ინტერვიუში განაცხადა.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით კეთდებოდა.
„თუმცა, ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია საქველმოქმედო პროექტების შესახებ.