ტერიტორიის უკანონო შემოღობვასთან დაკავშირებით მერია განცხადებას აკეთებს

 მოსახლეობაში ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, მიწის ნაკვეთების შესაძლო დაკანონებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადება რუსთავის მერიაში გაკეთდა.

როგორც ცნობილია ქალაქში მეცხრამეტე მიკრორაიონში აუთვისებელი მიწის ​ნაკვეთებზე რუსთავის მოსახლეობამ შემოღობვითი სამუშაოები განახორციელა. მათი ინფორმაციით, მიწის რეფორმის ფარგლებში შესაძლოა, ნაკვეთების პრივატიზების პროცედურა დაიწყოს.

 მერიის შესაბამის სამსახურში განაცხადეს ,რომ ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მოქალაქეების მხრიდან მისი შემოღობვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი საკუთარ ქონებაზე პრივატიზების პროცედურის დაწყებას არ გეგმავს.

მერიაში მოსახლეობას მოუწოდებენ შემოღობილი ტერიტორიები გაათავისუფლონ.