ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს

ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. შესაბამის ცვლილებას მთავრობის 520-ე დადგენილება ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ოპერაციები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები დაშვებულია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის სარგებლიანობა აღემატება რისკს.მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებულ უნდა იყოს არა ერთი ექიმის, არამედ ექიმთა გუნდის მიერ, საქართველოში კი ასეთი ქირურგიული ჩარევები ჭარბად, ხშირ შემთხვევაში პირველი-მეორე ხარისხის სიმსუქნის შემთხვევებში კეთდებოდა, რაც კოსმეტიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. უწყების პოზიციით, ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსებაზე 2018 წელს სახელმწიფომ ხუთ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რაც გაუმართლებელი ხარჯია.

ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ ბარიატრიულ ოპერაციებს სახელმწიფო კვლავ დააფინანსებს, თუმცა რეფერალური პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაკეთების აუცილებლობა დასაბუთებული იქნება.

ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება ან ხდება წვრილნაწლავის ატანა კუჭთან და მისი მიერთება საყლაპავთან.