საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წელი სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედროებს მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი წელი ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფებს მიულოცა.

“გილოცავთ ახალ წელს! მინდა ეს წელი მშვიდობიანი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის. მინდა გისურვოთ, რომ მშვიდობით დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახებს და გაახაროთ ისინი. თქვენ ახარებთ და აძლიერებთ ქვეყანას! თქვენ სამაგალითოები ხართ თქვენი შემართებითა და პროფესიონალიზმით. დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ თქვენნაირი მაგალითები სჭირდება.
ჩვენ სულ ახლახანს გავხდით იმის მომსწრე, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო და ყველას ღირსების მაგალითი გვიჩვენა. თქვენ ამას ყოველდღიურად, ჩუმად აკეთებთ. ვიცი, რომ ეს არის ქვეყნის წინაშე თქვენი ყოველდღიური დამსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მონაწილეობთ საერთო გამოწვევების დაძლევაში.
ჩვენ, აქ, რეალურად ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში შესვლაზე, თქვენ კი, რაღაც ფორმით უკვე გაწევრიანებული ხართ იქ, რადგან თქვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხართ და ვიცით თუ რამდენად ხართ დაფასებულნი მათი მხრიდან. ჩვენი პარტნიორები ყველა შეხვედრაზე აღნიშნავენ თქვენს იმ ღვაწლს, რომელსაც ჩვენი საერთო საქმისადმი იჩენთ. ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩვენი პარტნიორების სახელით. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება, საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პატიმრობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა და შობა-ახალი წლის დადგომა მიულოცა.