სახანძრო-სამაშველო ძალებს 30 ევროპული სახანძრო მანქანა შეემატება
გერმანიაში, ქალაქ ულმში, კომპანია “მაგირუსის” ქარხანაში დასრულდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სახანძრო ავტომობილების დამზადება.
30-ვე სახანძრო მანქანამ გერმანიაში უკვე გაიარა სრული ინსპექტირება.
„ჩვენ ვიმყოფებით გერმანიაში, ქალაქ ულმში, სადაც მდებარეობს კომპანია “მაგირუსის” ქარხანა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეისყიდა 30 ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა და დღეს ხდება ამ მანქანების საბოლოო ინსპექტირება. წლის ბოლომდე, 30 მანქანა საქართველოში ჩამოვა. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღებული აქვს კურსი, მთლიანად ჩანაცვლდეს მოძველებული რუსული ავტომობილები თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
მანქანების საქართველოში ჩამოსვლამდე, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკა მუნიციპალური სახანძრო მანქანებია. მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილებს.