შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. პროცესში დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვერტფრენმა მეხანძრე-მაშველებისთვის სპეციალური ავზების საშუალებით ხანძრის კერებთან დამატებითი წყალი აიტანა, რათა ადგილზე არ შეფერხდეს მუშაობა.
„ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის მხარეებიდან. ცოცხალი ძალის რაოდენობა გაზრდილია 200 მეხანძრე-მაშველამდე“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.
სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი.
სოფელ ორმოცთან მუშაობს ეროვნული სატყეო სააგენტოს 15 თანამშრომელი.










