პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით 2019 წელი შეაჯამა. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 2019 წელი საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის და პარტნიორობის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2019 წელი გამოირჩეოდა ნატო-საქართველოს ერთობლივი ვარჯიშების უპრეცედენტო ოდენობით.
„წელს ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ერთმნიშვნელოვნად სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს გავაცნოთ ის მიღწევები დემოკრატიზაციის, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს და დავანახოთ ის ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც ახდენს სააქართველოს მოქალაქე და ქართული საზოგადოება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატო-ს და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატო-ს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია შავ ზღვაში, ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასევე გაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს, რომელიც დაფიქსირდა 2019 წელს და რომელიც მოიცავს სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს, როგორიცაა უსაფთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან ,პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმა სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე.
„სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, სანამ ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე. სწორედ ამიტომ 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად არის მორგებული ჩვენს მოქალაქეზე და მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი გახლავთ. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ყველა პენსიონერს, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსია გაეზრდებათ 20 ლარით, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით, მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის, ხელფასი გაიზრდება წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ასევე მინდა ხაზგასმით ვთქვა, 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული დახმარება. ესენი გახლავთ ბავშვები, ესენი გახლავთ ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები, ჩვენი ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფო და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკის მიმართულებით მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის სამუშაო ადგილები.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის მიმართულებით სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ არ გვილხინს. თუმცა, უნდა ვიმუშაოთ მეტი კონცენტრირებულად და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი. ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევა, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.