პირობით მსჯავრდებულები პრობაციის სააგენტოს სერვისების მიღებას იუსტიციის სახლში შეძლებენ

დღეიდან იუსტიციის სახლის ფილიალებში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.

პრობაციის ოფიცრების იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა.

უწყების ინფორმაციით, ცვლილება პრობაციონერებს საშუალებას მისცემს, მათთვის საჭირო სერვისისთვის  იმავე ინფრასტრუქტურას მიმართონ, რასაც  მოქალაქე მიმართავს, რომელსაც პასპორტის და დაბადების მოწმობის აღება სურს და პრობაციონერი არ არის.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრირების მიზანია, საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზების აღმოფხვრა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

ამასთან,საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სერვისების ინტეგრირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება 2019 წლის ივლისში დაიწყო. პროცესი  როგორც პროგრამული უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსის გადამზადების, ისე საჭირო პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით დასრულდა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყველა სერვისი საქართველოს იუსტიციის სახლის 23-ვე ფილიალში არის ხელმისაწვდომი. ბენეფიციარებისთვის დაქტილოსკოპიით (თითის ანაბეჭდის მეშვეობით) რეგისტრაციის გავლა პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი. ამისთვის უკვე მზად არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეები.