„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობას დატოვებს

საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა. კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.