დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო , ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკატორს უწოდებს და ამბობს,რომ მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
„არ შეგვეძლო არ მიგვექცია ყურადღება ქართულ და დასავლურ წრეებში ატეხილ ისტერიაზე საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრიდნაშვილის ირგვლივ. რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნებია, რომლის გამოც ის იხდის სასჯელს. მან სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული მუხლი დაარღვია და მის პროფესიულ საქმიანობას ეს არანაირად არ ეხება. ის ჩვეულებრივი კანონდამრღვევია, რომელიც სხვადასხვა ძალების შიდაპოლიტიკური ბრძოლის ტყვეობაშია. ის ჩვეულებრივი პროვოკატორია და არა გმირი, რომლის წარმოდგენაც სამშობლოში სურთ“, – აცხადებენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.