Update: საწარმოები და დაბინძურებული ჰაერი რუსთავში – მძიმე ეკოლოგიური პირობების ფონზე, საკითხზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო აქტივისტები და რუსთავის რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ჯგუფი სავარაუდოდ, იანვარში დაფუძნდება და საწარმოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს შეიმუშავებს.მათი ერთ–ერთი ფუნქცია კანონის დამრღვევი მეწარმეების გამოვლენა იქნება.
სამუშაო ფორმატში დაიგეგმა საწარმოებისთვის სანქციების გაზრდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საწარმოებს თვითმონიტორინგის ჩატარება დაევალებათ.
როგორც დღეს გახდა ცნობილი მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები მეწარმეებს შეხვდებიან და პრობლემის მოგვარებას პირველ ეტაპზე, დიალოგის ფორმით ეცდებიან.
დღევანდელი შეხვედრა, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის შესაძლო მშენებლობა დავით გარეჯის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტებმა და რუსთავის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს.