თბილისის საკრებულოში ისევ ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკრებულოში ბრიფინგს მართავდნენ. ელენე ხოშტარიასა და ხატია დეკანოიძის ბრიფინგი ერეკლე კუხიანიძის საკითხს შეეხებოდა.
ბრიფინგის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი მივიდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ბექა დავითულიანი დაინტერესდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, თუ რატომ არ მიდის ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით ბრალდებები მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მოძრაობა „შეცვალე“ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან აქციებს მართავს.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები დეპუტატის სამუშაო კაბინეტში შეიკრიბნენ და კარვის გაშლას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებს კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.
მოძრაობა „შეცვალე“, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.