თეა წულუკიანმა ქალ პატიმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების ნომერ მე-5 დაწესებულებაში იმყოფებოდა. მინისტრი ქალ პატიმრებს შეხვდა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ქალ პატიმრებთან შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა აღნიშნა, რომ ის მზად არის ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ პატიმარს და გაეცნოს მათს პრობლემებს.

წინასაახალწლო ღონისძიება ქალთა პენიტენციური დაწესებულების მომღერალთა გუნდმა გახსნა. აუდიტორიის წინაშე პატიმრებმა მუსიკალური და თეატრალური ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში მათ მიერ შექმნილი თექისა და კერამიკული ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობას თეატრალური კვარტეტი იღებდა, რომელიც დაწესებულებაში სპეციალურად ამ დღისთვის იყო მიწვეული. დღესვე „სილამაზის ყუთების” დამფუძნებელმა თეონა თავართქილაძემ მინისტრთან ერთად ქალ პატიმრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.