საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ბიუროს სხდომაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მათ ამ უფლებას,სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე უზღუდავს.
სიტყვიერი დაპირისპირების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია.
მანამდე, თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს განუმარტა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, საორგანიზაციო საკითხებზე გადასვლამდე, მათ მიეცემოდა სიტყვით გამოსვლის საშუალება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგო რატიანმა სხდომა უკვე დატოვეს.