“თქვენი ნებართვის გარეშე არაფერი აშენდება”-მხარისა და ქალაქის პირველი პირები აქციაზე

თქვენი ნებართვის გარეშე ტერიტორიაზე არაფერი აშენდება, ის სამუშაოები რაც დაწყებულია გაჩერდება- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა დავით გარეჯის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს განუცხადა.

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები, ამ წუთებში, ე.წ კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე  აქციაზე მივიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები, დავით გარეჯის ქუჩაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და აქტივისტებს შეხვდნენ .

მხარისა და ქალაქის პირველი პირები, აქციის მონაწილეებს დაპირდნენ,რომ ტერიტორიაზე მშენებლობა მათი ნებართვის გარეშე არ გაგრძელდება და მოქალაქეებს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდეს. 

დავით გარეჯის ქუჩაზე, ე.წ. კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველი აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქალაქში მეორეული ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებენ. საპროტესტო მანიფესტაციის ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივიზმის ჯგუფი „გავიგუდეა“

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბრის რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა,რომ ქალაქში ზეთის გადამამუშავებელი საწარმო აშენდებოდა. სათათბირო ორგანოს დეპუტატებმა, დავით გარეჯის ქუჩაზე შპს „ეკო ოილისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ მისასვლელი გზის სარგებლობის უფლების მიცემის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.