კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავსად რეგულაციებს დაექვემდებარება

მთავრობა მუშაობს, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რომლებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შესაბამისი განცხადება მინისტრების მხრიდან გაკეთდა.

„მეც, როგორც თქვენ, ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა სპექტრი გამოსაკითხი და ასევე პასუხისგებაში მისაცემი პირების, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ჩვენ ვერც დასკვნებს გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ. ვფიქრობთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რომლებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არიან განცალკავებული და განყენებული სამყარო და მათ არ უნდა შეეხოთ, თუნდაც მკაცრი რეგულაციები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომ კერძო საკუთრებაა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები.

პირველი საჯარო კომენტარი მედიასთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც გააკეთა, მისი თქმით სამინისტრო ერთ კვირაში ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას აუცილებლად წარმოადგენს.

„როგორც მოგეხსენებათ სამინიტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც. ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.