ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ,კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, სამინისტროს მიერ ტარიფები უკვე დაანგარიშებული და დაზუსტებულია.
„სახელმწიფოს არც ამ ეტაპზე გააჩნია საკმარისი სახელმწიფო კლინიკა და არც სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ბაზარი გაჯერდეს მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებით. უბრალოდ იქნება დადგენილი გარკვეული პროპორცია, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც სოციალური პროექტი უსაფრთხოდ გაგრძელდეს ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ცნობილია სოციალურად დაუცველთა რა ოდენობაზეა საუბარი, ასევე საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე. ჩვენ, როგორც მთავრობა შევინარჩუნებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ისევე უსაფრთხოდ, როგორც ეს წინა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამასთან,ტიკარაძის თქმით, კლინიკების ნაწილი ზედმეტად არის ორიენტირებული კომერციულ საკითხებზე.
„არიან კლინიკები, რომლებიც სამედიცინო ჩარევებისას ზედმეტად არიან კომერციულად ორიენტირებული და შესაბამისად, ისინი ან გავლენ პროგრამიდან, ან დარჩებიან და განახორციელებენ შესაბამის მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.