მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კედელზე ცხვარი მიახატეს

ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს კედელზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მისი ბანერი ეკიდა, ცხვარი მიახატეს. ნახატს თან ერთვის წარწერა: „აქ იჯდა მონა მერაბ ქვარაია“.

ამ დროისთვის ნახატი წარწერით წაშლილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარის ბანერი, ფოტოსთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, სამართალდამცავებმა 22 დეკემბერს ჩამოხსნეს მას შემდეგ, რაც ბიუროს პრესსამსახურმა საპატრულო პოლიციას ბანერის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ბიუროში განმარტეს, ბანერი პოლიციამ ნივთმტკიცებად ჩამოხსნა, თუმცა მის ახლით ჩანაცვლებას ისედაც გეგმავდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.