ნაძვის ხე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ფოტოებით

პარლამენტის შენობასთან „ლეიბორისტული“ პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ნაძვის ხე დადგა.

ნაძვის ხეზე აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ფოტოები დაამაგრეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ამ ფორმით მათ პარლამენტში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ,პარლამენტის პიკეტირების დროს, სამართალდამცველებმა 12 პირი დააკავეს.

მათ შორის, “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე და “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერებს და აქტივესტებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

უწყების ინფორმაციით, პარლამენტის პიკეტირების დროს დაკავებული 12 პირის მიმართ  საქმე, ადმინისტრაციული სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება ოპოზიციური პარტიების წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და აქტივისტებმა დილის 7 საათიდან დაიწყეს. დეპუტატები პარლამენტში მანქანებით, აქციის მონაწილეების სკანდირებისა და შეძახილების ფონზე, პოლიციის ესკორტითა და კორდონით შევიდნენ. დღეს დილიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმე დაპირისპირების შემთხვევა იყო.

დაკავებები პარლამენტთან დაახლოებით დილის 9 საათისთვის დაიწყო. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჩიტაძის მხრიდან, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, აქციის რამდენიმე მონაწილე აიყვანეს.

 

 

 

ფოტო:1tv.ge