საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში ოთხ ციხეში დარღვევები აღმოაჩინა.
დარღვევები,პატიმართა შორის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და კრიმინალური სუბკულტურას გულისხმობს . მონიტორინგი #2, #8, #14 და #15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა.
“დაწესებულებები გადატვირთულია და შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება, “წესრიგის შენარჩუნების” და კონფლიქტების მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს”, — ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კრიმინალური სუბკულტურა განსაკუთრებით შეიმჩნევა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
“გამოვლინდა, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზეც”.-ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტით ირკვევა, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა, რასაც სახალხო დამცველი წლებია სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებს.
“სამწუხაროა, რომ შესაბამისი სამსახურები არ ახდენენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოვლენას და დოკუმენტირებას. კერძოდ, ექიმი არ ადგენს დაზიანების შესაძლო კავშირს წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ექიმი ახდენს დაზიანებების დოკუმენტირებას შესაბამისი ფორმის მიხედვით და უგზავნის იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, გამოძიება ეფექტიანად არ მიმდინარეობს”, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, კვლავ არადამაკმაყოფილებელია საცხოვრებელ, სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნებსა და საშხაპეებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ივლისის თვემდე პატიმართა შორის ფიზიკური დაპირისპირების სულ 100 შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, დაწესებულებებში წარმოებულ დოკუმენტაციაში ფიქსირდება პატიმართა სხეულის დაზიანებები, რომელთა მდებარეობა, რაოდენობა და ხარისხი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, შესაძლებელია მიანიშნებდეს სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი საეჭვო დაზიანების 66 ფაქტი გამოვლინდა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაზიანებები პენიტენციური დაწესებულებების მორიგე ექიმებს შეფასებული აქვთ როგორც საყოფაცხოვრებო ტრავმები.
„N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევებში, ექიმები არ ახდენენ დაზიანებების დოკუმენტირებას სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით. რაც შეეხება N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებს, სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, დაზიანებების დოკუმენტირება ხდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაწესებულებაში შესახლების დროს ბრალდებული მიუთითებს, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან.
საგულისხმოა, რომ 2017 წლიდან მონიტორინგის დღემდე სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად დაზიანების დოკუმენტირების არც ერთ შემთხვევაში გამოძიებას არ ამოუღია დოკუმენტაცია და გადაღებული ფოტოები, ხოლო ფოტოაპარატები, რომლითაც ხდება დაზიანებების დაფიქსირება, ინახება სპეციალურად გამოყოფილ რკინის სეიფში, დალუქულია 2017 წლის 30 მარტს და ლუქი მონიტორინგის დღემდე გახსნილი არ ყოფილა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.