ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ,საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
პროკურატურის ცნობით,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი დ.კ., გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ.ლ., ასევე მოქალაქეები ზ.ბ. და რ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის ნ.გ.-ს და მოქალაქე ვ.ზ.-ს მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილებები.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ,ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე ლევან ლაზარეშვილმა აღნიშნა ,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ 2016 -2019 წლებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ,მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში და ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო მიწის 15 ნაკვეთს ,რომლის ღირებულებამ დაახლოებით 700 000 ლარი შეადგინა.
გამოძიება გრძელდება თაღლითურად დაუფლებული სხვა მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი შესაძლო ქმედება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს პროკურატურაში