რა ცვლილება შეეხო მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ტექინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში?!

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილს, ამ თარიღიდან რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება.

ხმალაძის განცხადებით, ცვლილებებით განისაზღვრა გარდამავალი ეტაპები. მისი თქმით, ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც ცალსახად მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად.

ცვლილების თანახმად, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. მათთვის სავალდებულო იქნება შემდეგი პარამეტრების დაცვა – CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03).