წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები რუსთავის ცენტრალურ პარკში საბავშვო კონცერტით დაიწყო. პატარა რუსთაველმა მუსიკოსებმა, რომლებმაც წარმატებას სხვადსხვა საერთაშორისო კონკურსზე მიაღწიეს, ახალი წლის ღამეს, სპეციალურად მათი თანატოლებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს. “საახალწლო სოფელში” საბავშვო შოუ-პროგრამა ანიმატორებმა გააგრძელეს, რომლებმაც განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ამავდროულად მათივე თანამონაწილეობით სხვადსხვა საცირკო წარმოდგენა შეასრულეს. სადღესასწაულო ნომრების ფარგლებში ძაღლების შოუ პროგრამა გაიმართა. ახალი წლის ღამეს რუსთავის ცენტრალურ პარკში ბავშვებს თოვლის ბაბუაც ეწვია, რომელმაც პატარებს თავის სახლში უმასპინძლა და საახალწლო საჩუქრებიც გადასცა.
წელს რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, წლის 10 დამსახურებული და წარმატებული რუსთაველი გამოავლინეს. ისტორიკოსი, მუსიკოსი, კალიგრაფი, მეეზოვე, სპორტსმენი და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროფესიის ადამიანი წელს “წლის რუსთაველებს” შორის დასახელდა. აღსანიშნავია, რომ რუსთაველი მოქალაქეებისთვის საზეიმო განწყობის ასამაღლებლად დასკვნითი ღონისძიება ბენდი “გუფი ლენდის” კონცერტით დასრულდა.
ცნობისთვის, საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბრის კონცერტის შემდეგ გაგრძელდება და 2 იანვრიდან რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი სპეციალურად საახალწლო დღესასწაულისთვის დადგმულ საშობაო სპექტაკლს უმასპინძლებს.
 
		 
    







