რუსთავის მერმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მერი მათ პირადად ესტუმრა და საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცა. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სადღესასწაულო ნობათი – სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეული, რუსთავის მერიამ და ადგილობრივმა მეწარმეებმა ერთობლივად შეიძინეს.

რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში კი, საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა ოჯახებმა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ცენტრებისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა, ასევე, მუნიციპალური თავშესაფრის მცხოვრებლებმა და ვეტერანებმა, სულ 636-მა ბენეფიციარმა მიიღო.

ს​ხვადასხვა სახის საჩუქარს, საახალწლოდ ბავშვებიც მიიღებენ. 29-31 დეკემბერს, რუსთავის პარკში, “საახალწლო სოფლის” პატარა სტუმრებს სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს. 2-4 იანვარს, კი რუსთავის თეატრში, საბავშვო სპექტაკლზე – “თბილი სახლი” 2 000 რუსთაველი ბავშვი მიიღებს მოსაწვევს და საახალწლო საჩუქარს.