რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ხელმძღვანელობდა.
სხდომის ფარგლებში, საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები დაამტკიცა. როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა განმარტა, ცვლილებების ძირითად საფუძველს საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 102 ათასი ლარის 2020 წლის ბიუჯეტში გადატანა წარმოადგენს. მისი თქმით, საერთო ჯამში, 2019 წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილის გეგმა 64 454.7 ათასი ლარით განისაზღვრა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
როგორც მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, დადგენილების ცვლილებით, ქალაქის მერს ენიჭება უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალურ ქონებაზე მუნიციპალიტეტის სახელით ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მერიის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხა და მშენებლობის განხორციელებისთვის ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსწორების ვადა განესაზღვრა რამდენიმე პირს და შპს-ს.
დღესვე საკრებულოში მოქმედ სპორტისა და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელ, ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელ და ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდათ.
საკრებულომ დადებითად გადაწყვიტა ასევე, №8 საჯარო სკოლისთვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის საკითხი.