ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა B ტიპის ვირუსის შემთხვევები ჭარბობს, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5)-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა ფისქირდება.
„ჩვენი ლაბორატორიული მონიტორინგით, დაახლოებით სამჯერ მეტია B ტიპის ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე შარშან ,ამ დროისთვის იყო.
დღევანდელი რიცხვით, სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკჯგუფებში შემავალი 92 000 ადამიანი, ხოლო კერძო სექტორის მიერ დაახლოებით კიდევ 30 000 ადამიანი. სახელმწიფოს აქვს მარაგში ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, დაახლოებით 8 000, რომელიც გამიზნულია რისკჯგუფებზე, პირველ რიგში, ორსულებზე და მაღალი რისკის მქონე ადამიანებზე.
გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ სავალდებულო. ის არ შედის სავალდებულო აცრათა ჩამონათვალში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, ის არის მხოლოდ სარეკომენდაციო. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.