სტატისტიკურად ავტოავარიების რიცხვი შემცირებულია

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ავარიებისა და უბედური შემთხვევების შესახებ სამი კვარტლის მონაცემები წარადგინა.

ეკა ლალიაშვილის განმარტებით, წინა წელთან შედარებით, სტატისტიკა გაუმჯობესებულია. კერძოდ, 10%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, 2%-ით სიკვდილიანობა და 10%-ით დაშავებულთა რაოდენობა.

„სამი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, იკვეთება ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწევი სხვადასხვა მიზეზი, საიდანაც პირველი და წამყვანია სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ წლის განმავლობაში გამოიკვეთა არასრულწლოვნების მიერ გამოწვეული მძიმე საგზაო შემთხვევები, როდესაც არაერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. ასევე, ახალბედა მძღოლების მიერ გამოწვეული შემთხვევები, რომლებსაც ახალი აღებული ჰქონდათ მართვის მოწმობა.

სტატისტიკურად, ზოგადი მდგომარეობა თითქოსდა გაუმჯობესებულია. ავტოსაგზაო შემთხვევები 10 პროცენტითაა შემცირებული, გარდაცვალების შემთხვევები მცირედით – ორი პროცენტით, მაგრამ შემცირებულია. თუმცა, იმდენად ხშირად გვესმის ბოლო დროს ერთი საგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე პირის დაღუპვის შესახებ, რომ ვერ შევაფასებთ სრულად, ვიდრე არ ვნახავთ მეოთხე კვარტლის მონაცემებს.”-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.