ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, კერძოდ, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა დიდი ხანი ელოდნენ ვაჟის დაბადებას, ღვთის ვედრებაში ატარებდნენ დღეებს. მერე აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, უფალს შესწირავდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. გავიდა დრო, მათ მართლაც შეეძინათ ვაჟი, სახელად ნიკოლოზი დაარქვეს. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ცნობილია, ნათლობისას ჩვილი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგაო. გარდა ამისა, იგი დედის რძეს ოთხშაბათ-პარასკევს მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.
სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავა. წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.