ქვემო ქართლში მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ოთხ დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებული ექვსი პირიდან ორს გირაო შეუფარდა, ოთხს კი, პატიმრობა. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროს დავით კავთიაშვილს 25 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტ ნინო გულბანს – 10 ათასი ლარის, ხოლო პატიმრობა შეეფარდათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბესიკ ლიპარტელიანს, რამაზ მარგველანს, ზურაბ ბარბაქაძესა და ვახტანგ ზურაბიანს.

700 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ქვემო ქართლის პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 20 დეკემბერს დააკავა. პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2019 წლებში, ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში და თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ 49 644 კვ.მ ფართობის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს დაახლოებით 700 ათასი ლარის მატერიალური ზიანი“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.