ქვემო ქართლში ხანძრის ორი-ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა

ხანძარია ქვემო ქართლში, უკანგორში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილზე 150-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. ხანძარია ასევე, მარნეულში,სოფელ ახკერპში. იწვის ტყის ქვედა საფარი . ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა. ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს.

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია.

თიანეთი – სოფელი ჩაბანო. ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დუშეთი – სოფელ ახალ ტონჩასთან ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 15 მეხანძრე-მაშველი.

წალენჯიხა – სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მარტვილი – სოფელი ბალდი. ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ვანი – სოფელი ძულუხი. დილიდან ადგილზე მუშაობა განაახლა 40-მდე მეხანძრე-მაშველმა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ცაგერი – სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ლანჩხუთი – სოფელ მამათთან, გაჩენილი ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

„ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.