სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
„გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.