ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

Update: გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანული მხარეც ჩაერთო.

შესაბამისად, ამჟამად ტბაზე სამძებრო სამუშაოებს ორი ვერტმფრენი ახორციელებს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და აზერბაიჯანული მხარის ვერტმფრენი.

დაკარგული მამაკაცების ახლობლების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცები ჯანდარაში სანადიროდ ჩამოვიდნენ, ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაკარგულები დინებამ აზერბაიჯანის მხარეს წაიღო.

მანამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა.

​შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

ამჟამად, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ საქმეზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები”, – ნათქვამია შინაგან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.